შეზღუდვები გზებზე

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ 114-კმ 194 მონაკვეთზე ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი -ზესტაფონის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (მესტია-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამასთან, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამინდი მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი.
მთიან რაიონებში ნავარაუდევია თოვლი  და ქარბუქი. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა პირველი აპრილიდან მოიმატებს.