სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ესკალაციის შესახებ განაცხადეს, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი – ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ნაღმმტყორცნებიდან სროლა სოფელ სოტკის მიმართულებით მდებარე სომხური პოზიციების მიმართ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივან არამ ტოროსიანის განაცხადებით, დაიჭრა სამი ადამიანი. მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სასწრაფო დახმარების მიმართულებითაც გახსნეს ცეცხლი, რომელშიც დაჭრილი ჯარისკაცი იმყოფებოდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერევანი დაადანაშაულა. „დღეს დილიდან სომხეთის შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო ამძიმებენ ვითარებას. ნაღმმტყორცნებიდან ესვრიან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, აზერბაიჯანიც თავის მხრივ იღებს საპასუხო ზომებს“- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.