თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი თვის წინ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა შველიძე, მის ადვოკატთან ერთად, დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. მათი თქმით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს სამივე ინციდენტთან დაკავშირებით, ასევე დაუსახელეს ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც მას ფიზიკური ზიანი მიაყენა. მათი თქმით, ისინი ლევან იოსელიანისგან განცხადების გაკეთებას და მომხდარი ფაქტის დაგმობას ითხოვენ. თავად ომბუდსმენის აპარატის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, თსუ-ში ინციდენტი ირაკლი კობახიძის მიერ ლექციის ჩატარების დროს მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა.