შეხვედრა ევლახში

ევლახში აზერბაიჯანისა და ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგებით დასრულდა მოლაპარაკებები. ყარაბაღის სომეხთა წარმომადგენლები ევლახში რუსი მშვიდობისმყოფელების თანხლებით დილით ჩავიდნენ და ქალაქი უკვე დატოვეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადებით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის კონსტიტუციის საფუძველზე, რეინტეგრაციის საკითხები უნდა განეხილათ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხურ მოსახლეობას შეხვედრაზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დავიდ მელკუმიანი და სერგეი მარტიროსიანი წარმოადგენდნენ. აზერბაიჯანის მხრიდან კი მოლაპარაკებებში რამინ მამედოვი მონაწილეობდა, რომელიც პასუხისმგებელია ყარაბაღში მცხოვრებ სომხებთან ურთიერთობებზე, ასევე დაბრუნებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ბაშირ ჰაჯიევი. შეგახსენებთ, რომ გუშინ აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონში ერთი დღით ადრე დაწყებული ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.