რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეს საოკუპაციო რეჟიმი უკვე გამოძიებულად აცხადებს.
ე.წ. მესაზღვრეების მიერ ნოემბერში ჩადენილი მძიმე დანაშაული დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის კანონის ფარგლებში მოქმედებაა. ერგნეთში გამართული შეხვედრა ამჯერადაც არ აღიარებული რეჟიმის პროვოკაციული განცხადებებით დასრულდა. სოფელ კირბალის მკვიდრის მკვლელობაში ბრალდებულთა იდენტიფიცირება და დასჯა – ოფიციალური თბილისის მიერ დაყენებული მთავარი მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. მოლაპარაკებათა დღევანდელ რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაც მოითხოვა. უკანონოდ დაკავებული დიმიტრი კორინთელის და გიორგი მელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი სწორედ ერგნეთის შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა. დღის წესრიგში იყო უკანონო ბორდერიზაციის ფაქტების განხილვა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.