უკვე 6 საათზე მეტია 12 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობით და ხელყუმბარით შეიარაღებულ თავდამსხმელს ქუთაისში.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შუადღისით შეიჭრა. მას სამხედრო კამუფლირებული ფორმა აცვია. უკეთია ნიღაბი. ტანზე აქვს დამაგრებული სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა, ხელყუმბარა კი ხელში უჭირავს. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მან ვერტმფრენი და ორი მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვა. თავდაპირველად მოთხოვნების შესასრულებლად მან 3-საათიანი ულტიმატუმი წამოაყენა. „საქართველოს ბანკის“ ფილიალი პოლიციის ალყაშია. ადგილზე მობილიზებული არიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. პერიოდულად ვრცელდება მძევლების მიერ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის რეჟიმში ვიდეოჩართები.