ტვირთი ოდესიდან - გამოძიება ტერორიზმის საქმეზე

მანქანის ნაწილებში დამალული ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა და დანაშაულებრივი სქემა, რომელსაც სუს-ში ახლაც იკვლევენ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეზონანსული საქმის გამოძიება დაიწყო.

ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად უკრაინის მოქალაქე და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ანდრეი შარაშიძე სახელდება. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, სწორედ შარაშიძე უწევდა ორგანიზებას ქალაქ ოდესიდან სამი ქვეყნის გავლით საქართველოში ჩამოტანილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ნივთიერებას, რომელთა ნაწილი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უნდა გაეტანათ, ნაწილი კი თბილისში ინახებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობების და ნივთიერებების გამოყენება საკმაოდ დიდ მსხვერპლს და მასშტაბურ ზარალს გამოიწვევდა. ახლა გამოძიება თავდასხმის ობიექტების დადგენას ცდილობს. საქმეში სამი ქვეყნის ჯამში 12 მოქალაქე ფიგურირებს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე ტერაქტის მზადების მუხლით გადაკვალიფიცირდეს. როგორც ირკვევა, საშიში მოწყობილობებით და ნივთიერებებით სავსე ავტომობილის გადაადგილებას სამართალდამცავები ფარულად აკონტროლებდნენ.