ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე, სენატორ როჯერ ვიკერის წერილს აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ინფორმაციის ნაკლებობის საკითხი დგას. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან არ შეფერხდება და პირიქით, უფრო გაძლიერდება. „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ თუ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო ტენდენცია შენარჩუნდება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის იზოლაციის პროცესი გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის სახელზე სენატის წევრისგან, როჯერ ვიკერისგან წერილი მიიღო, რომელიც 19 დეკემბრით თარიღდება. მისივე თქმით, წერილი, რომელიც არ გასაჯაროვებულა, ხელისუფლების კრიტიკას და საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობას ეხება.