კვლავ შეფასებების თემაა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატები. ქართველი ოპოზიციონერები დარწმუნებულები არიან, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ ექნება. „ქართული ოცნება“ კი ევროპარლამენტს უსამართლო კრიტიკაში ადანაშაულებს. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს მომდევნო კვირაში უყრის.
როგორც ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროპარლამენტართა ნაწილმა განაცხადა, შეუძლებელია საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანად მოხსენიება, საჭიროა დარღვევების გამოძიება და მიზნობრივი სანქციების დაწესება პასუხისმგებელ პირებზე, ასევე, მათი თქმით, „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონების გაუქმებისა და რეფორმების გარეშე, შეუძლებელი იქნება, საქართველომ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს.
ევროპარლამენტართა მეორე ნაწილს კი საპირისპირო პოზიცია ჰქონდა. მათი თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და მათ არჩევანს პატივი უნდა სცენ. მათივე თქმით, საქართველოს საქმეებში ევროპელი ლიდერების ჩარევა უნდა შეწყდეს.