საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში, სამშენებლო სამუშაოების ადგილზე გაჩენილი ბზარების გამო, მშენებლობის პროცესი დროებით შეჩერებულია და საკითხს მუნიციპალური ინსპექცია სწავლობს. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტს შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, სამშენებლო კომპანიამ დაიწყო კვლევა ბზარების გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით და შედეგი რამდენიმე დღეში მუნიციპალურ ინსპექციას ეცნობება.