საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 სექტემბრის სამმხრივი შეხვედრის ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას სთხოვს. მათი ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერი შეხვედრის დასრულებისთანავე უნდა გამოქვეყნებულიყო და ამის შესახებ მათ ოფიციალურადაც მიმართეს, თუმცა საბჭოსგან პასუხი არ მიუღიათ. ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოჩანაწერი განადგურებულია. შეხვედრის ამსახველ ჩანაწერში არსებული ფაქტები კი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სასამართლოში წარსადგენად სჭირდებოდათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 27-მა თანამშრომელმა გათავისუფლების ბრძანება დღეს მას შემდეგ მიიღო, რაც კონტრაქტის ცვლილებასთან დაკავშირებით მენეჯმენტის შეთავაზებას არ დათანხმდა.
გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. კოლექტიურ სარჩელს ისინი უახლოეს დღეებში სასამართლოში შეიტანენ.