საზოგადოება ცნობილ იმუნოლოგს, პროფესორს, თენგიზ ცერცვაძეს ემშვიდობება
52-წლიანი წარმატებული საქმიანობა სამედიცინო სფეროში და არაერთი საერთაშორისო აღიარება.
თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. საზოგადოება ცნობილ იმუნოლოგს, პროფესორსა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ემშვიდობება. საქართველოში შიდსის ცენტრის დაფუძნება და „ცე-ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამის დანერგვა სწორედ მის სახელს უკავშირდება. შიდსის ლაბორატორია მისი ძალისხმევით ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაიხსნა. ოთხი წლის წინ, როცა მსოფლიო კორონა-ვირუსის სახით გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე სწორედ თენგიზ ცერცვაძე იდგა. კრიზისულ ვითარებაში სწორედ მან ჩაიბარა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა კლინიკური მართვა. განსაკუთრებულია მისი წვლილი პანდემიის მართვაში, შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან აცილებაში და ინფექციურ სნეულებათა მკურნალობაში. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი წლების განმავლობაში ინფექციური კლინიკის შენობისთვის იბრძოდა, თუმცა უკვე დაწყებული სამუშაოების დასრულებას ვერ მოესწრო. პროფესიონალიზმთან და უდიდეს მიღწევებთან ერთად, კოლეგები და მეგობრები განსაკუთრებულად გამოყოფენ მის პიროვნულ თვისებებსა და მახასიათებლებს. ცნობილი ინფექციონისტის კაბინეტი საშიში ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ ბოქსირებულ განყოფილებაში იყო განთავსებული.