ამბროლაურში მომხდარ შემთხვევას, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს. პირველადი დასკვნა ცნობილია. წინასწარი მოკვლევით, ჟანგბადის მიწოდების სისტემა სათანადოდ არ მუშაობდა რეანიმობილში, რომელსაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი 16 წლის პაციენტი რაჭიდან თბილისში უნდა გადაეყვანა. თუმცა დასკვნაში ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, გახდა თუ არა მითითებული ხარვეზი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი. ზედამხედველი უწყება ასევე იკვლევს, ხომ არ იკვეთება გახმაურებულ საქმეზე თავად ამბროლაურის კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი.
საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ, სასწრაფო-სამედიცინო და კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირების სფეროში რეგულაციების გამკაცრება დაიწყო.