შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, დღეს კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ და ისინი კლინიკაში გადაჰყავთ.
„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა. ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულთა მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას გენერალური ინსპექციაც შეისწავლის.