რა მდგომარეობაში იყო ვაკის პარკის შადრევნის ცხაური, რომლის ქვეშ ელექტროსადენები გადიოდა – ოქტომბერში მომხდარი ტრაგედიის გახმაურებულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს მთავარი მტკიცებულება, ცხაური მიიტანეს.
სწორედ მეტალის ამ კონსტრუქციაზე და მის ქვეშ გამავალ ელექტროსადენებზე აღმოჩენილი დაზიანებების საფუძველზე ამტკიცებს გამოძიება, რომ წყალში დენის გაჟონვა სწორედ ცხაურის არასწორმა მონტაჟმა და უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. თუმცა, დაკავებულთა ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ცხაური ტრაგედიის შემდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს დაზიანდა. დაცვის მხარე გამოძიებას შემთხვევის ადგილზე არსებული სურათის შეცვლაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესმა ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა.