უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში, რა დროსაც სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს. ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველო-უნგრეთის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებს. პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგორესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც, დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე.