„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი უნგრეთში

კანდიდატის სტატუსზე საქართველოს უნგრეთის ხმა ექნება – პირობა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უნგრელი კოლეგებისგან პირადად მიიღეს.

მმართველი პარტიის შემდეგ შეხვედრები პარლამენტში გრძელდება. უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში გამართული ყველა კონსულტაცია და აუდიენცია 14-15 დეკემბრის სამიტს და წინასწარ მოლოდინს მიეძღვნა. თუმცა, მხარდამჭერ გზავნილებს თან სდევს კითხვებიც უნგრეთის პრემიერის და სახელისუფლებო პარტიის გაცხადებული პოზიციის ფონზე, რომლის მიხედვით ოფიციალური ბუდაპეშტისთვის უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება ნაადრევია და საკითხი ევროპული საბჭოს მომავალი კვირის სამიტიდან საერთოდ უნდა მოიხსნას. ევროპელი ლიდერები ახლა ორბანის გადარწუნებას ცდილობენ. მაშინ, როცა ევროპულმა საბჭომ ერთ კვირაში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხის გარდა გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებაზეც უნდა მიიღოს, ჩნდება შეკითხვა – ხომ არ მოახდენს უკრაინისადმი ორბანის სკეპტიკური პოზიცია უარყოფით გავლენას საქართველოს პერსპექტივაზე.