სპეციალური ოპერაციების ძალების ჯგუფები ელიტური ქვედანაყოფებია ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისა თუ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მათი სამოქმედო ზონა ძირითადად მტრის ღრმა ზურგია, სადაც ჩატარებული ოპერაციები პირდაპირ გავლენას ახდენას საბრძოლო მოქმედებათა ძირითად თეატრზე და ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორიც აღმოჩნდეს საომარი მოქმედებების წარმატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვედანაყოფი მტრის ზურგში ხშირ შემთხვევაში მხარდაჭერის გარეშე მოქმედებს, მათი წვრთნისა და მომზადების დონე რიცხოვნობის კომპენსირებას ახდენს – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები მცირე, 12 კაციან ჯგუფებად მოქმედებენ. თითოეულ მებრძოლს კონკრეტულად განსაზღვრული ფუნქცია – მოვალეობა აქვს და თითოეული მათგანი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტია, თუმცა ამავდროულად ჯგუფის ყოველი წევრი ვალდებულია ფლობდეს ყველა სხვა სპეციალობას, რათა შეძლოს და დანაკარგის შემთხვევაში ჩაანაცვლოს ჯგუფის ნებისმიერი წევრი.
სპეციალური ოპერაციების ძალები გამორჩეული ქვედანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებშიც. სურვილის მიუხედავად, აქ ყველა ვერ მოხვდება. შერჩევის პროცესი ძალიან მკაცრია და რამდენიმე ეტაპად იყოფა. აქ მხოლოდ მოტივირებული, მდგრადი ფსიქიკისა და ფიზიკურად ძლიერი ჯარისკაცები ხვდებიან, თუმცა კურსის გავლას, საუკეთესო შემთხვევაში, მესამედი ახერხებს.
სპეციალური ოპერაციების ძალებამდე 1998 წელს კოჯრის სამხედრო ბაზაზე შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს არასაომარი სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ, – მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრი ეწოდა. 1999 წელსვე, თურქი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართული საჯარისო სპეციალური დანიშნულების ჯგუფის მომზადებისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო და სპეციალური დანიშნულების პირველი ჯგუფიც მაშინ ჩამოყალიბდა. თურქი ინსტრუქტორები ქართველ კურსანტებს უმკაცრეს პირობებში და უმკაცრესი მოთხოვნებით წვრთნიდნენ. მოგვიანებით ქვედანაყოფების მომზადებაში ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს სხვა წევრი ქვეყნები ჩაერთნენ.
დღეს პირველი ნაბიჯი სპეციალური დანიშნულების მებრძოლამდე რეინჯერის კურსია. რეინჯერის შერჩევა მკაცრი კრიტერიუმებით ხდება და კურსის დამთავრებას კურსანტთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს, მაგალითისთვის; – კურსს იწყებს 200 მსურველი და მხოლოდ 21-22 კაცი ასრულებს, გასულ წელს წელს 129 კურსანტიდან რეინჯერის ნიშანი მხოლო 18-მა მიიღო. ამასთან, რეინჯერი სრულებითაც არ ნიშნავს სპეციალურ დანიშნულებას. სურვილის შემთხვევაში რეინჯერს აქვს შესაძლებლობა გაიაროს სპეციალური დანიშნულების კურსი, თუმცა ამ დონეზე შერჩევის კრიტერიუმებიც განსხვავდება და სპეციფიკაც. ყველა რეინჯერი სპეციალური ოპერაციების ჯარისკაცი ვერ გახდება.
სპეციალური ოპერაციების ძალებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრს, რომელიც სწორედ სკოლაში ხდება სასწავლო კურსების დამუშავება, მსურველების შერჩევა და გაცხრილვა.
ამჟამად, თავდაცვის ძალების ამ სახეობაში ე.წ. ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობს. დასავლეთი და აღმოსავლეთი – სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ბატალიონი ამ ორი მიმართულებით გადანაწილდება. ეს რეფორმის ძირითადი არსია ჯარების ამ სახეობასთან მიმართებაში. ჯარების ამ სახეობის ამოცანაა დაგეგმოს, მოამზადოს და აღასრულოს სპეციალური ოპერაციები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილებები გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზადება, რომ დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.
ბოლო წლების განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების ძალებში რეფორმირების რამდენიმე ტალღა განხორციელდა. ჯერ ბრიგადად ჩამოყალიბდა, შემდეგ სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება გახდა, ბოლოს კი, 2009 წელს სპეციალური ოპერაციების ძალები ეწოდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სულ ცოტა, სამჯერ შეიცვალა ამ ძალების დებულებაც. ბოლო ჩასწორებით განისაზღვრა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების კომპეტენცია და ძალების სტრუქტურული ერთეულები. სწორედ ეს გაყოფაა ამჟამად მიმდინარე რეფორმის არსი. ყველაზე რთული გადაწყვეტილება მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროს გულუას სახელობის ქვედანაყოფის და შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების გაერთიანება იყო თავდაცვის ქოლგის ქვეშ. ოპერაციების წარმოების აბსოლუტურად განსხვავებულმა ამოცანებმა და მიდგომებმა, თავისი კვალი დაატყო სპეცდანიშნულებას.
ამ დრომდე სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი. რეფორმის თანახმად, დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტის და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდება. თავდაცვის ძალებში არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილებები გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთ ბატალიონი შეიქმნა იმისათვის, რომ სპეცოპერაციების ძალები იყოს უფრო ეფექტური, მობილური, შეძლოს დროული და სწრაფი რეაგირება ქვეყნის წინაშე წარმოქმნილ საფრთხეებზე საპასუხოდ, – აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში. ბატალიონში გაერთიანდა სამი კომპონენტი – სპეციალური დანიშნულება, საზღვაო სპეციალური დანიშნულება და რეინჯერთა ქვედანაყოფი.
თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის განმარტებით, ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, გაყოფილი ქვედანაყოფის მებრძოლების ოჯახების ლოგისტიკური უზრუნველყოფაა. საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების ქვეყნებში, სამხედრო მოსამსახურის დისლოკაციის შეცვლასთან ერთად, სახელმწიფო ეხმარება მათ შვილებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გადანაწილებაში, ისევე როგორც მეუღლის დასაქმებაში. საქართველოში ეს საკითხი სასურველისგან ჯერ კიდევ შორსაა.
სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონების ამ ორ მიმართულებაზე გაყოფის გარდა ტრანსფორმაცია არაფერს შეხებია და სწავლებები და წვრთნები გაწერილი გეგმის მიხედვით ხორციელდება. უფრო მეტიც, მატერიალური თვალსაზრისით, დასავლეთ მიმართულებით დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნაა აუცილებელი, რაც ასევე დამატებით დროსა და რესურსსაც მოითხოვს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გაყოფის შემდეგ დღის წესრიგში დადგება – მშვიდობიანობის პერიოდში მართვა და კონტროლი აღმოსავლეთ საქართველოდან განხორციელდება. კრიზისის შემთხვევაში კი, ბატალიონი დასავლეთ სარდლობას დაექვემდებარება და უშუალო ამოცანებს სწორედ მათგან მიიღებს. ეს ფაქტი თავისთავად მართვის პროცესს გაართულებს. გარდა იმისა, რომ სამხედრო ქვედანაყოფისთვის მკაცრად განსაზღვრული სამეთაურო ჯაჭვის არსებობა დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, ძნელი სათქმელია, რატომ უნდა მოხდეს ჯარების ერთი სახეობიდან დაქვემდებარების ცვლილება, მაშინ, როდესაც კოორდინაცია უმაღლეს დონეზე სახეობების ხელმძღვანელებს შორის ისედაც არსებობს.
დღევანდელი თავდაცვის ძალებისთვის და მათ შორის სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის, მთავარ გამოწვევას კადრების გადინება წარმოადგენს. მუდმივი ცვლილებები და განვითარების არათანამიმდევრულობა, არასაკმარისი დაფინანსება, აღჭურვილობა და რაც მთავარია, ბუნდოვანი კარიერა და ჯარის შემდგომი ცხოვრების უპერსპექტივობა არმიის გარეთ მაღალკვალიფიციურ პერსონალს უკეთესი მომავლისა და სამსახურის ძიებისკენ უბიძგებს.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.