30 აპრილი - საქართველოს თავდაცვის ძალები 28 წლისაა

1991 წელს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად  თბილისის ცენტრალურ  სტადიონზე სამხედრო აღლუმი გაიმართა. ყველა სხვა აღლუმისგან განსხვავებით, ამჯერად მწყობრში არა საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს მოქალაქეები იდგნენ და საბჭოთა წარმოების სამხედრო ფორმებზე განმასხვავებელ ნიშნად დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა ეკეთათ.

დღეს საქართველოში უკვე თავდაცვის ძალების იუბილე აღინიშნება, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ეს ყველა დროის უმარტივესი აქსიომა ამჯერად კარგად ესადაგება საქართველოს თავდაცვის ძალებს, ანუ ჯარს, რომელიც მანამდე შეიარაღებულ ძალებად იწერებოდა კანონებში, კიდევ უფრო მანამდე კი – გვარდიად.

ყველაფერი  საბჭოთა კავშირის დასასრულით დაიწყო. გამოსვლებისა და მიტინგების ფონზე, წითელი ჯარების ბოიკოტირებასთან და მათი საქართველოდან გაყვანის მოთხოვნასთან ერთად, სულ უფრო ღვივდებოდა აზრი საბჭოთა ჯარებში შვილების არ გაშვების შესახებ. მოგვიანებით, 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

შეიარაღებულ ძალებს  შექმნის პირველივე წლებიდან  მოუწია ორ ომში ჩაბმა, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.  ქვედანაყოფები ძირითადად რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტულ გასამხედროებულ ჯგუფებს უპირისპირდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში ორივე რეგიონი სეპარატისტულ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ჯარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრძოლები პრაქტიკულად არ წაუგიათ და საბოლოო შედეგი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურმა მარცხმა გამოიწვია. მას შემდეგ შეიარაღებული ძალების განვითარება საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობდა – მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რაც პირდაპირ აისახა არა მხოლოდ ჯარისკაცის ყოფასა თუ ინფრასტრუქტურაზე, არამედ ზოგადად მოტივაციაზე საზოგადოებაშიც, რასაც თან ერთვოდა სხვადასხვა ინტენსივობის კონფლიქტები, რომელშიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი ჯარის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ და ბოლოს, 2008 წელს  ქართულ ჯარს რუსულმა არმიამ ღიად შეუტია და ომი მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში დღემდე გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს მუდმივად უწევდა საბრძოლო მოქმედებების წარმოება,  1999 წლიდან ქართული ქვედანაყოფები ნატო-ს ოპერაციებშია ჩართული. სწორედ ეს პერიოდია გარდამტეხი ქართული ჯარისთვის – მას  ახალი სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. ომწაგებულ სახელმწიფოს და ომწაგებულ არმიას წარმატებები და გამარჯვება სჭირდებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და კოალიციური ძალების ოპერაციები კი ამ შანსს იძლეოდა.

პირველი იყო კოსოვო. სოფელი მამუშაში  ქართული სამშვიდობო ოცეული  თურქული ბატალიონის შემადგენლობაში განლაგდა. შემდეგ ეტაპებზე ქართული ქვედანაყოფები ჩაერთვნენ ერაყის კოალიციურ  და ავღანეთში ნატო-ს ოპერაციებში. მოგვიანებით ქართველები ევროკავშირის მისიით აფრიკის კონტინენტზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიავლინეს, ხოლო ევროკავშირის მისიაში საქართველოს ერთი სამხედრო წარმომადგენელი მალიშიც ჰყავს.

1991 წლიდან  დღემდე ქართული ჯარი უწყვეტი რეფორმირების პროცესშია. რეფორმის ნაწილი წარუმატებელია, ნაწილიც პირიქით. რეფორმირების პროცესში ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასასრულიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა, რომელთაც სხვადასხვა რესურსით დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს.

ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც ამჟამად არმიაში მიმდინარეობს, – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მთლიანობაში 9 ბატალიონი უნდა გაიწვრთნას და აღიჭურვოს (ეს პროგრამა 64მლნ $ ღირებულების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მსგავსია, რომლის განხორციელებაც პირველად 2001 წელს დაიწყო).

დღეს საქართველოს, რომელიც შავი ზღვისპირა ქვეყანაა, არ გააჩნია სამხედრო-საზღვაო ძალები, არ ჰყავს სრულყოფილი სამხედრო-საჰაერო ძალები. შეიცვალა სახელწოდებაც და ამჟამად მას თავდაცვის ძალები ეწოდება. არსებობის 28 წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებამ 17 მინისტრი შეიცვალა. ყველა მათგანმა საკუთარი რეფორმა განახორციელა და გარკვეული კვალი დატოვა ქართულ ჯარზე. ერთადერთი, რაც უცვლელია ამ 28 წლის განმავლობაში, ქართველი ჯარისკაცია, რომელიც მიუხედავად ყველა სიძნელისა, ქართული დროშის ქვეშ, საკუთარ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ – მსახურობს და ემსახურება საქართველოს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.