ჯარის ბანაკი 2025
ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა – ჯარის ბანაკი 2025 ოფიციალურად გაიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასების 1700 მოსწავლე მომდევნო კვირებს თავდაცვის სამინისტროს ორ ბაზაზე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაატარებს. პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, რაც ჯარის სპეციფიკას, ფიზიკურ მომზადებას და მათ შორის იარაღთან ურთიერთობას მოიცავს, პროგრამა თეორიულ კურსსაც ითვალისწინებს. მათ შორის მოსწავლეებს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიას და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გააცნობენ.