დავით თევზაძე - ტამიშთან დესანტის გადმოსხმიდან 26 წლის შემდეგ

შესავლის მაგივრად

მწარე ფიქრები – ტამიშთან რუსული დესანტის განადგურების ოცდამეექვსე წელი

სათაურს, ალბათ, ახსნა სჭირდება. იმედი მაქვს, წერილი გაცემს პასუხს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდა რატომ დაჰკრავს ამ ნაფიქრალს ერთგვარი სიმწარე. მავანმა, ასევე, რომ საქმეში ჩაუხედაობა ან უარესი, სხვის ომში სიბრძნის ფრქვევა არ დამაბრალოს, აქვე ვიტყვი: მე გახლდით იმ ბრიგადის (მე-11-ე ბრიგადა) მეთაური, რომელსაც ეჭირა გზა აგუძერადან ლაბრა-ტამიშამდე (ფრონტით ჩრდილოეთით), რომლის ზურგშიც, 1993 წლის 2 ივლისის გამთენიისას გადმოჯდა რუსულ-აფხაზური დესანტი და რომლის ბატალიონებმა (თეთრმა არწივმა, ავაზამ, შავნაბადამ, თეთრმა გიორგიმ, ორბმა, გორდამ, დუშეთმა, ჩოლოყაშვილმა, საარტილერიო დივიზიონმა და ა.შ.) პირველი შვიდი-რვა საათის განმავლობაში, უმძიმესი დანაკარგების ფასად, დესანტის შეჩერება შეძლეს იმ ნიშნულზე, რომელსაც დღეს ანუარხუს  მთას, ბორცვს, სიმაღლეს ვეძახით. წლების მერე, ერთ-ერთი ჩემი თანამებრძოლი მკითხავს: იცოდი, რომ ანუარხუ კავკასიის უდაბლესი მწვერვალი ყოფილაო? არ ვიცოდი… მე გახლდით ის მეთაური, რომელმაც თავისი რისკით, 4 ივლისს, ბრიგადა შეტევაზე პირადად გადაიყვანა და რომ არა მტრის ნასროლი ყუმბარმტყორცნის ჭურვით მიღებული დაზიანება, რომელმაც ათი დღით ჰოსპიტალში დამაგდო, მოვლენები, შესაძლოა, ნაკლებ დრამატულად განვითარებულიყო. თუმცა, ახლა ამას ვერასოდეს გავიგებ. ასე, რომ ჩემი თხრობა არანაირად არ არის სხვის ომში სიბრძნის ფრქვევა. ამ თემაზე, ვფიქრობ, საკმარისია.

ის რაც მინდა ვთქვა, სულ სხვა განზომილებაშია. თუმცა, ამ განზომილების შემოტანასაც სჭირდება წინათქმა.

გაივლის წლები და ტამიშის ეპოპეა ქართველთა მეხსიერებაში დარჩება, როგორც უმაგალითო თავგანწირვის, შეუპოვრობის, სიკვდილის მასიური უგულებელყოფის, ერთიანობისა და გმირობის სიმბოლო. თხრობა შორს წაგვიყვანს. მთხრობელიც , ღვთის მადლით, ბევრია დარჩენილი. სხვა განზომილება რომ ვახსენე, კითხვა ვიგულისხმე, რომელიც წლებია მღრღნის და შესაძლოა არა მარტო მე: რა მოგვცა ამ გამარჯვებამ? ავხსნი: იმავე დღეებში, როდესაც მთელი ძალისხმევა ტამიშში გადმომსხდარი დესანტის განადგურებაზე იყო მიპყრობილი, მეორე მხარეს, ე.წ. გუმისთის ფრონტზე, აფხაზებმა ჩვენს ფლანგს  შემოუარეს და ზედიზედ აიღეს სოხუმის ჰესი, შრომა, კამანი, დაიკავეს სტრატეგიული მწვერვალები ცუგუროვკა, ახბიუკი, იაშტუხარხუ და აპიანდა. არ ვიტყვი, რომ ეს ძალისხმევის გარეშე მოახერხეს: მარტო კამანის მაცხოვრებელთა თავგანწირული ბრძოლაც კმარა ლეგენდების წყაროდ რომ იქცეს.  გადაინაცვლა კიდეც ერთი მღვდლის სახელმა ამ ომთან მიბმულ მითოლოგიაში. თუმცა, ეს ფაქტს არ ცვლის: ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული უპირატესობა, რომელიც სოხუმის დაცვისას გაგვაჩნდა. მიუხედავად არა ერთი მცდელობისა, ამ უპირატესობის აღდგენისათვის ძალები არ გვეყო. ვერ შევძელით. სწორედ ამ მომენტიდან, სოხუმის ბედი, სამწუხაროდ,  გადაწყვეტილი იყო. ამის გამოცაა, სხვათა შორის, ის, რომ 27 ივლისს ხელმოწერილი დაზავების ხელშეკრულება მშვიდობის არანაირ პირობებს არ ქმნიდა და ფაქტობრივად, კაპიტულაციას ნიშნავდა.

ის რაც „მწარე ფიქრს“ კვებავს, სწორედაც რომ აქ არის ჩამარხული: ტამიშის დესანტის განადგურება იყო თუ არა სინამდვილეში გამარჯვება? ისე ხომ არ არის, რომ მეორად მიმართულებაზე ძირითადი ძალები გამოვფიტეთ? ანაზდად, ჩინური სამხედრო ხელოვნების საიდუმლო წიგნიდან „36 ხრიკი (სტრატეგემა)“ ერთი ფრაგმენტი მახსენდება: მეექვსე სტრატეგემა – ხმაურის ატეხვა აღმოსავლეთში, თავდასხმა დასავლეთში.  აქ წერია, რომ „მისი (სტრატეგემის გამოყენების) მიზანია დარტყმის ნამდვილი მიმართულების დაფარვა. სწრაფი ოპერაციების მეშვეობით, ხან დასავლეთში შეტევის მზადების წარმოსახვა, ხან აღმოსავლეთში დარტყმის მიყენება, ასევე მოულოდნელი უკანდახევა. მშვიდობიანი განზრახვის გათამაშება, ხოლო სინამდვილეში თავდასხმისთვის მზადება. ამ მოქმედებათა შეფასებისას, მოწინააღმდეგე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას იწყებს და შედეგად, არასწორ ზომებს მიმართავს, რის გამოც მარცხდება“.

ხშირად გვიკვირს ხოლმე, რატომ აღნიშნავენ ზეიმით ტამიშის დესანტის ეპოპეას აფხაზები? ამაში ხომ არ არის ძაღლის თავი ჩამარხული? ხომ არ იყო დესანტის ამოცანა  მთელი ქართული ძალისხმევის თავის თავზე ფოკუსირება და ძირითადი აფხაზური ძალისხმევისათვის, სოხუმის ჩრდილოეთით, მის დამცველთა ფლანგზე და ზურგში პლაცდარმის შექმნის შესაძლებლობის მიცემა. ეს მათ გამოუვიდათ. თავისთავად ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ამოცანა შეასრულეს. ამ აზრით, მათ გაიმარჯვეს.  ჩვენ ბრძოლის ველი გამარჯვებულებს წავართვით, ჩვენ გამარჯვებულები გავანადგურეთ, თუმცა ამით, საბოლოო ანგარიშით, ბუნებრივია , ვერ ვიხეირებდით.

ეს გახლავთ ის მწარე ფიქრები, რომელიც 26-ე წელია მღრღნის და, სავარაუდოდ, არა მარტო მე.

ბოლოთქმის მაგივრად

ამბობენ, რომ შეცდომებზე უნდა ისწავლო. სათქმელად ადვილია, თუმცა განსახორციელებლად ძნელი აღმოჩნდა – ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სახელმწიფოს არც დრო, არც სურვილი და არც უნარი გააჩნდა იმ დროს, რომ ომის ანალიზი მოეხდინა, შეესწავლა შეცდომები, ძლიერი მხარეები, დამარცხებისა თუ გამარჯვების მიზეზები და დაესკვნა, თუ როგორ წავაგეთ ომი, რომელშიც ბრძოლები  არ წაგვიგია? სწორედ ამას მოყვა ის, რომ მოგვიანებით ისტორია ისევ განმეორდა და 2008 წელს, მსგავსი მანევრის შემდეგ, დაიკარგა კოდორის ხეობაც. თუმცა, სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ არც ამ ომის ანალიზი გაკეთებულა ჯერ, ამასობაში კი, ტამიშის დესანტის განადგურებიდან 26 წელი გასულა.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.