რატომ უბრუნდებიან ევროპული სახელმწიფოები სავალდებულო სამხედრო გაწვევას
რატომ უბრუნდებიან ევროპული სახელმწიფოები სავალდებულო სამხედრო გაწვევას

ბოლო წლების განმავლობაში, რიგითი შემადგენლობით არმიის დაკომპლექტების ძირითად ტენდენციად ევროპაში საკონტრაქტო სამსახური გახდა, რამაც თითქმის განდევნა სავალდებულო სამსახურში გაწვევა და თავად სავალდებულო სამსახურიც. ეს უკანასკნელი განიხილებოდა (მათ შორის, მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიის გავლენითაც) როგორც არქაული, რუდიმენტური რამ, რაც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას. ეს გავლენა ჩვენთანაც იგრძნობა და არა ერთი მწვავე დისკუსიის თემად რჩება დღესაც.

თავდაპირველად  არმია, რომელიც მხოლოდ კონტრაქტორებით კომპლექტდებოდა, გახლდათ მხოლოდ ბრიტანული არმია. აშშ-ში, რომელიც დღეს კონტრაქტორებით დაკომპლექტებული უდიდესი არმიაა, გაწვევაზე საბოლოო უარს 1973 წელს ამბობს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვიეტნამის ომში მხოლოდ კონტრაქტორებს რომ ეომათ, აშშ-ში ანტისაომარი ახალგაზრდული მოძრაობა გაცილებით ნაკლებად მასშტაბური იქნებოდა.

დღევანდელ დღეს, დიდი არმიებიდან მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი კომპლექტდება სავალდებულო გაწვევით, თუმცა ჩინეთის უპირატესობა ის გახლავთ, რომ უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსის წყალობით, მას შეუძლია სავალდებულო სამსახურში მხოლოდ საუკეთესოები გაიწვიოს.

2000-2010 წლებში, ევროპის არმიები მასობრივად, ერთიმეორის მიყოლებით, დაკომპლექტების საკონტრაქრაქტო სისტემაზე გადადიან: მაკედონია, ჩერნოგორია, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, შვედეთი, ლიეტუვა. 2011 წლიდან გაწვევა წყდება ბუნდესვერში და ა.შ.

თუმცა, ეს ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა: 2014 წლიდან იწყება უკუპროცესი და ჯერ შვედეთი, სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ხოლო 2017 წლიდან გერმანია და საფრანგეთი იწყებენ სავალდებულო სამსახურის აღდგენას. მეტიც, მაგალითად ნორვეგიაში, 2014 წლიდან, სავალდებულო გაწვევა ეხება ქალებსაც 19-დან 44 წლამდე. ამდენად, ისრაელის „ცახალი“ უკვე არ არის ერთადერთი სამხედრო ორგანიზაცია, რომლის სავიზიტო ბარათს ქალთა სავალდებულო სამსახური წარმოადგენს.

ასეთი შემობრუნების მიზეზი რამდენიმეა და  დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გამწვავების გარდა, ასახელებენ კიდევ სამს:

  • სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის გაუქმების შემდეგ მკვეთრად დაეცა არმიათა დაკომპლექტება. ე.წ.  „მოხალისეების“ რიცხვი წლიდან-წლამდე ეცემა, რამაც პრობლემები შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგ., იგივე შვედეთში, 2016 წელს მხოლოდ 2 ათასმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, წასულიყო საკონტრაქტო სამსახურში. მეტიც, სტატისტიკურად, რაც უფრო მაღალია ქვეყანაში ცხოვრების დონე, მით უფრო ნაკლები ადამიანი იხიბლება ასეთი სამსახურით.
  • სკანდინავიაში მიაჩნიათ, რომ სავალდებულო სამსახური ერთადერთი სოციალური პლატფორმაა, სადაც მოსახლეობის სხვადასხვა ფენების ურთიერთდაახლოება ხდება, რაც ხელს უწყობს საზოგადოების მდგრადობას.
  • მიგრანტთა დიდი ნაკადების შემოსვლის გამო, დღევანდელი ევროპული მოსახლეობა გამოირჩევა უპრეცენდენტო ეთნიკური სიჭრელით და ახალმოსულებს უჭირთ თავიანთი იდენტიფიცირება ევროპელებად. ტრადიციული სოციალური ინსტიტუტები, მაგ., სკოლები, ვერ ახერხებენ ამ ნაკადებისათვის ახალი იდენტიფიცირებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას, რაც საფრთხეს უკვე ევროპულ სახელმწიფოებს უქმნის. ითვლება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ამ ამოცანის გადასაჭრელად იდეალური პლატფორმაა.

ძნელი სათქმელია, როდის მოხდება საფრთხეების ადექვატური განსაზღვრა და როდის მიიღება  შესაბამისი და რაც მთავარია,  საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში სამხედრო სამსახურის ფორმის განსაზღვრის შესახებ  –  ამაზე ჯერ კიდევ კამათი მიმდინარეობს;  ევროპის ბევრ სახელმწიფოში, წმინდა სამხედრო მოსაზრებების და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობათა ზრდის მოტივაციის გარდა , სამხედრო სავალდებულო სამსახური სოციალური ინტეგრაციის ინსტრუმენტადაც განიხილება და როგორც ასეთი, სერიოზულ პოლიტიკურ ფუნქციასაც იღებს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.