კადეტობიდან ვიცე-პოლკოვნიკობამდე - დავით გაგუა

სერჟანტი ჯარის ხერხემალია – ეს აქსიომა ნებისმიერი ოფიცრისთვის წოდების მიღებიდან რეალობად იქცევა.  ქვედანაყოფის პირად შემადგენლობასა და მეთაურს შორის სერჟანტი ის აუცილებელი რგოლია, რომლის გარეშეც სამეთაურო ჯაჭვი ძალიან ძნელი შესანარჩუნებელია.

სერჟანტთა კორპუსის შექმნის მნიშვნელობას ქართულ ჯარში ყოველთვის მაღალი პრიორიტეტი ჰქონდა და ამიტომაც, სკოლა, სადაც ეს კორპუსი იწვრთნებოდა, სხვადასხვა ფორმით ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანების ბოლოს არსებობდა. აგვისტოს ომის შემდეგ კი  სერჟანტთა მომზადების ცენტრს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. დღეს ამ ცენტრში მომზადებასა და გადამზადებას ის სამხედრო მოსამსახურეები გადიან, რომელთაც მომავალში მეთაურის ბრძანებების პირად შემადგენლობამდე დაყვანა და აღსრულების კონტროლი მოუწევთ.

თუმცა, სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც წარმოგიდგენთ, ოფიცერია, ვიცე-პოლკოვნიკი და საქართველოს თავდაცვის ძალების სერჟანტები მისი უშუალო ხელმძღვანელობით გადიან მომზადებას.

დავით გაგუამ სამხედრო კარიერა კადეტთა კორპუსში დაიწყო 1997 წელს. შემდგომი განათლება, როგორც ოფიცერმა, ჯერ საქართველოში გაიარა, შემდეგ გერმანიასა და აშშ-ი. 22 წელი ჯარში ცოტა არ არის, მით უმეტეს თუ მაშინაც მსახურობ, როცა სამხედრო კარიერა არც პრესტიჟულია და უფრო მეტად მძიმე პირობებია, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე. ოთხმოცდაათიანების ბოლოს კი სწორედ ასეთი დრო იყო. სირთულეების მიუხედავად, ვიცე-პოლკოვნიკმა გაგუამ სამხედრო კარიერის ყველა საფეხური გაიარა – ოცმეთაურობიდან ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის შტაბის უფროსობამდე . ზედმიწევნით კარგად იცის განათლების მნიშვნელობა და თვლის, რომ სერჟანტების გარეშე კარგი ქვედანაყოფი წარმოუდგენელია და მიუხედავად იმისა, რომ  ამოცანის პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებს, საკუთრ თავს მაინც საბრძოლო ქვედანაყოფის მეთაურად ხედავს. თუმცა, ველზე ახლაც ხშირად გადის და მომავალ სერჟანტებს გამოცდილებას უზიარებს.

ის, რომ ყველა ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობს, კიდევ ერთი აქსიომაა ოფიცრებისთვის. დავით გაგუაც არ არის ამ წესიდან გამონაკლისი. ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ უმაღლეს წოდებას პასუხისმგებლობაც შესაბამისი ახლავს. გენერლობა მისთვის ის მწვერვალია, საიდანაც  მეტი და მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას შეძლებს.

P.S.  ის თანამდებობა, სადაც დავით გაგუა დღეს მსახურობს, სწორედ ისეთ სამხედრო მოსამსახურეთა – სერჟანტთა გაზრდაა, რომელთაც ეს ცვლილებები ველზე უნდა დანერგონ.