მალხაზ მერლანი - „მჯერა, ქართველი მებრძოლის საოცნებო წოდება და უმთავრესი მიზანი სწორედ სამშობლოს გამთლიანება, დაკარგულის დაბრუნებაა“

შესავლის მაგიერ

2017 წლის ზაფხულში ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე გავემგზავრე. ვიცოდი, რომ კურსის გავლა სამხედროებთან ერთად მომიწევდა და წასვლამდე განსაკუთრებულად ვემზადებოდი. პირველ დღეს კურსანტები  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წაგვიყვანეს. იქ დავინახე პოლკოვნიკი მერლანი. უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ „კურსელები“ ვიქნებოდით და ალბათ ამიტომაც, 2017 წლის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი არასდროს დამავიწყდება.

პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი – ვისაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, ეს სახელი და გვარი ყველასთვის ცნობილია. უნდა ვაღიარო, სანამ პოლკოვნიკს კარგად გავიცნობდი, მისი გვარის გაგებისას ერთდროულად დიდი პატივისცემა, აღფრთოვანება და შიში მიპყრობდა. მისთვის კითხვის დასმის დროს ვნერვიულობდი, ინტერვიუს კი მინიმუმ რამდენჯერმე მოსმენის შემდეგ ვჭრიდი საეთეროდ: ამ შიშს კი ავტორიტეტისადმი პატივისცემა განაპირობებდა, რადგან მალხაზ მერლანი საქართველოს თავდაცვის ძალებში მოქმედი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეა. ცნობილია დისციპლინით, რასაც სხვებისგანაც მოითხოვს და სიმკაცრით. პოლკოვნიკი, რომლის სამხედრო კარიერის მწვერვალი სულაც არ არის გენერლობა, თუმცა ამაზე მოგვიანებით…

„პროფესია ჯარისკაცის“ სტუმარია პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი

პოლკოვნიკმა კარიერა 1995 წელს, გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში კურსანტობით დაიწყო. ბევრი არ უფიქრია, რატომ უნდა გამხდარიყო სამხედრო და მაინც, თუ კითხავთ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, გიპასუხებთ: „ჩემი თაობის ოფიცრების გადაწყვეტილებაზე გამხდარიყო სამხედრო, უმეტესწილად, ზეგავლენა 90-იანი წლების დასაწყისში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში  მიმდინარე მოვლენებმა მოახდინა. ვფიქრობ, ჩვენი თაობის უმეტესობა საკუთარ თავს  დაკარგულის დაბრუნებაში ხედავდა და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმ კონკურენციისა, რომელიც გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში ჩაბარების მსურველებმა შექმნეს“.

გაერთიანებულ სამხედრო აკადემია, მხოლოდ მცირედია იმ სამხედრო განათლებას შორის, რაც პოლკოვნიკმა წლების განმავლობაში გაიარა: 2001  – ფრანგული ენის კურსი;  2004 კომანდოს კურსი (საფრანგეთი), 2004 – სამშვიდობო ოპერაციების კურსი (საქართველო),2005 – სამთო მომზადების კურსი (საფრანგეთი),2005 წელი – მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი (საქართველო), 2006 – სამთო ჯარების ჯგუფის უფროსის კურსი (საფრანგეთი), 2007 – სამხედრო მოთხილამურის და სამხედრო ალპინისტის კურსი (საფრანგეთი),2008 – მთაში ბრძოლის წარმოების კურსი (საფრანგეთი), 2008-2009-  ომის კოლეჯი (საფრანგეთი), 2017 – ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი (საქართველო), 2018 -ინგლისური ენის კურსი (კანადა)

2013 წელს პოლკოვნიკი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა და ISAF- ის სამშვიდობო მისიაში მიიღო მონაწილეობა. ის ახლაც იქ არის სამშვიდობო მისიით- საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ავღანეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პოლკოვნიკმა  საქართველოს სახელი გაიტანა. 2016 წელს მალხაზ მერლანი იყო პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ქართული დროშა მალის რესპუბლიკაში საწვრთნელ მისიაში EUTM – Mali აღმართა. საინტერესოა, მალის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე პერიოდი – მაშინ პოლკოვნიკი მერლანი 3 თვის განმავლობაში იძულებით პენსიაზე იყო გასული. რატომ გაუშვეს პენსიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო სამხედრო? ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია და ალბათ, ასეც დარჩება..

ახლა კი, მოგიყვებით უშუალოდ ევროკავშირის საწვრთნელ  მისიაზე მალის რესპუბლიკაში. სამართლიანად და დამსახურებულად ერთ კაციანი მისიისთვის პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი შეარჩიეს. „ეს იყო უდიდესი გამოწვევა, რადგან მანამდე ქართველს მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული ამ მისიაში. შესაბამისად, ვგრძნობდი ამ უდიდეს  პასუხისმგებლობას და სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობდი მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის გამოცდილება მიმაგრებდა ზურგს. წარმოიდგინეთ, მიდიხარ ახალ მისიაში, მიგაქვს სახელმწიფო დროშა, რომელიც უნდა ააფრიალო 28 ქვეყნის დროშებს შორის და ეს დამოკიდებულია იმაზე, შენ როგორ შეასრულებ შენზე დაკისრებულ ამოცანას, როგორ დაუმტკიცებ 28 ქვეყნიდან წარმოდგენილ ოფიცრებს, რომ ხარ ღირსეული პარტნიორი და თანამებრძოლი ევროკავშირის ერთადერთი არა წევრი ქვეყნიდან. მადლობა ღმერთს და შევძელი შემესრულებინა ღირსეულად, როგორც ჩვენს სამშობლოს ეკადრება“, – ასე იხსენებს მალის რესპუბლიკაში წასვლას პოლკოვნიკი. ალბათ არ გაგიკვირდებათ, როცა მოგიყვებით, რომ მალხაზ მერლანს მისიის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული წვლილისთვის  მადლობის სიგელი გადასცა, რომელსაც კომისია შერჩეული 7 კანდიდატიდან  მხოლოდ ერთ მონაწილეს გადასცემს და ის  ერთი ქართველი პოლკოვნიკი იყო. სწორედ მალხაზ მერლანის მალის რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდს დაემთხვა საფრანგეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ემანუელ ვალსის ვიზიტი. მისიის შტაბში შესვლისას, მისიის ხელმძღვანელმა გენერალმა ალბელმა მალხაზ მერლანი პრემიერს ასე წარუდგინა: „ერთადერთი ოფიცერი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან  და ჩემთვის დიდი პატივია ვიმსახურო ასეთი ოფიცრის გვერდით“. ამის შემდეგ კი, საფრანგეთის  პრემიერ-მინისტრმა ქართველ პოლკოვნიკს ასე მიმართა: „ბატონო პოლკოვნიკო, მჯერა,  ევროკავშირი თქვენი ქვეყნისკენ გაფართოვდება და ამით გადაგიხდით მადლობას ღირსეული სამსახურისთვის“. მერლანი საკუთარ მიღწევებზე ბევრს არ საუბრობს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან ამ შეხვედრაზე თუ ჰკითხავთ, თავმდაბლობით გიპასუხებთ, რომ მაშინ იყო ამაყი ოფიცერი საქართველოდან: „იმ წამს ვფიქრობდი რომ ჩემი მოვალეობა ქვეყნის წინაშე შევასრულე“

ყველაზე მეტად პოლკოვნიკს საქართველოში არსებული სამხედრო კონფლიქტები ახსენდება. ამბობს რომ არასდროს დაავიწყდება 2004 წლის სამაჩაბლოს მოვლენები, სადაც მისი თანამებრძოლი – გიორგი ლომაძე დაიღუპა. მერლანისთვის მტკივნეულია 2008 წლის აგვისტოს ომის გახსენებაც. მაშინ ის საფრანგეთში, ომის კოლეჯში იმყოფებოდა. ალბათ ხვდებით, როგორ მოიქცა: „8 აგვისტოს მეზობლად მცხოვრებმა კაცმა მომაწოდა გაზეთი  სათაურით „რუსეთის მორიგი შეჭრა საქართველოში…გავიყინე“, – ამბობს მერლანი. საფრანგეთიდან სამშობლოს დასაცავად იმ დღესვე წამოვიდა.  საქართველოში 10 აგვისტოს ჩამოაღწია და 11-ში უკვე საჩხერეში იყო ბიჭებთან – თავის მებრძოლებთან ერთად ტყეში. „არასდროს დამავიწყდება მათი თვალები, არასდროს მიკითხავს არცერთისთვის და მგონია, რომ ეს იყო მადლობის თვალები,  მოტივირებული საბრძოლველად“. 

ბოლოსთვის მოვიტოვე ისტორია  გენერალ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების  სკოლაზე და თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცით, ამ სკოლის ერთ-ერთი შემქმნელი და სულის ჩამდგმელი სწორედ პოლკოვნიკი მერლანია (რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ჯერ კიდევ საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კურსანტებს შორის) – სკოლისა, რომელმაც ნატო-ს სამთო მომზადების ცენტრის სტატუსი მიიღო და სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ქართველი ინსტრუქტორები ამზადებენ.   „რა თქმა უნდა, ეს პირადი შემადგენლობის უდიდესი მონდომების, მოტივაციის და ხელმძღვანელობის გუნდური მუშაობის შედეგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია გენერალ ქუთათელაძის ფასდაუდებელი მხარდაჭერა და ხელშეწყობა. სწორედ ასეთმა ურთიერთობებმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ განაპირობა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის განსაკუთრებული სტატუსი“, – ამასაც გუნდის მიღწევად აფასებს პოლკოვნიკი…

და ბოლოს, ვინც ფიქრობთ, რომ მალხაზ მერლანის კარიერული ოცნება გენერლობას უკავშირდება, ცდებით – მერლანის მიზანი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაა. „მჯერა, ქართველი მებრძოლის საოცნებო წოდება და უმთავრესი მიზანი სწორედ სამშობლოს გამთლიანება, დაკარგულის დაბრუნებაა“.