50 ხმით ხუთის წინააღმდეგ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღეს. 26 პუნქტიანი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება.
რეზოლუციაში რუსეთის არალეგალური ქმედებების გამო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაა დაგმობილი. მათ შორის კი ჩამოთვლილია საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გაბმა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ეთნიკური დისკრიმინაცია.
საქართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს. ამასთან ერთად, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. რეზოლუციის პროექტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილება, რომლის დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახება.