დებატები ევროპარლამენტში - რას ითხოვენ ევროდეპუტატები

ევროპარლამენტიდან საქართველოს სადავო კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

მზად არის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭისყრას ხვალ გაიტანენ. დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატების პოზიციაა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს. „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ პროექტზე ევროპარლამენტარების შეფასებები საკმაოდ მძიმეა. თუმცა, რეზოლუციის პროექტში არ მოხვდა პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა, რაც გუშინ გამართული დებატების დროს რამდენიმე დეპუტატის გამოსვლებში გაისმა. ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა მმართველი პარტიის დამფუძნებლის და პროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება მოითხოვეს. დებატების დროს, რომელსაც ნიკა გვარამიაც ესწრებოდა, გაჟღერდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.

მედიის და სამოქალაქო სექტორის დევნის და გაჩუმების მცდელობა – ასეთია ევროპარლამენტარების პოზიცია, რაც რეზოლუციის პროექტში საკმაოდ მძიმე ფორმულირებებით აისახა.