23 მაისი ქართული რადიოს დაბადების დღეა.
ამიერკავკასიაში პირველი რადიომაუწყებლობის ისტორია უკვე 98 წელს ითვლის. დროის სვლასთან და ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად რადიო მაინც არ კარგავს თავის მსმენელს, ნიშას და აქტუალობას. წლიდან წლამდე საქართველოს რადიოს პროგრამა სულ უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მოთხოვნებზე მორგებული ხდება.
დღევანდელი ეთერი საქართველოს რადიომ განახლებული შეფუთვით გახსნა. 26 მაისს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მსმენელსა და მაყურებელს რუსთაველის გამზირზე, ღია ცის ქვეშ უმასპინძლებს, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ადგილზე დაესწროს რადიოს ტრანსლაციას, თვალი ადევნოს პროცესს და მოუსმინოს საინტერესო გადაცემებს. რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი FM 100.9-ზე მაუწყებლობს. მსმენელს შეუძლია, გადმოიწეროს მობილური აპლიკაციაც.