საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია. საქართველოში ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 62 წლის იუბილე დღეს აღინიშნება. 1956 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდის ანძაზე გახსნილი სატელევიზიო სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო პირველმა ქართულმა ტელევიზიამ.
თბილისელებისთვის ცისფერი ეკრანი ზუსტად 20 საათზე აინთო და ქალაქის მასშტაბით აღრიცხულ 40 ათას ტელევიზორში პირველი დიქტორები, ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გამოჩნდნენ.
წამყვანების მისალმება, გადაცემები, ქართული მხატვრული ფილმები, – ასეთი იყო თავდაპირველი საეთერო ბადე, რომელიც წლებთან ერთად სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ არხს, მეორე არხსა და რადიოს აერთიანებს.