ლია მიქაძე გარდაიცვალა

ლეგენდარული წამყვანი, რომელთან ერთად ქართული ტელემაუწყებლობის ისტორია დაიწყო – 86 წლის ასაკში ლია მიქაძე გარდაიცვალა. ის იყო საქართველოს პირველი ტელევიზიის პირველი სახე, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილი ტელე-ხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა. 48 წელი ეთერში და ამ დროის განმავლობაში წაყვანილი უამრავი გადაცემა, ღონისძიება თუ საზეიმო ეთერი – ცხრა წლის წინ ტელევიზიამ ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ წამყვანს მთაწმინდაზე ვარსკვლავი გაუხსნა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის 60 წლის იუბილეზე ლია მიქაძე ტელეეკრანს დაუბრუნდა და ჩვენთან ერთად „მოამბის“ საიუბილეო გამოშვება წაიყვანა.