საქართველოს პირველი არხი ჟურნალისტიკის რესურსცენტრის წინააღმდეგ. ტელევიზია სამართლებრივ დავას იწყებს იმ საგამოძიებო ფილმის გარშემო, რომელიც ორგანიზაციამ აგვისტოს ბოლოს მოამზადა.
ავტორები ფილმში ამტკიცებენ, რომ 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კანონით მინიჭებული კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ტელებაზარზე ნეგატიურად აისახა, პირველი არხი კანონს ბოროტად იყენებს და რომ საუბარია გარკვეულ საეჭვო გარიგებებზეც.
საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობამ ფილმს მაშინვე უწოდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი.
მაუწყებლისთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია კომუნკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც. ტელევიზიის სამეურვეო საბჭომ კი დაასკვნა, რომ ფილმში მოყვანილი ფაქტებით მაუწყებლის გადაცდომა სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით საერთოდ არ დასტურდება.