კომუნალური სუბსიდირების ხარჯები უკვე აისახა 2021 წლის ბიუჯეტში, რომელიც დღეს პარლამენტმა 82 ხმით მიიღო. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 18 მილიარდ 384 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. აქედან მილიარდ 140 მილიონი ლარი კოვიდპანდემიასთან ბრძოლისთვის უნდა დაიხარჯოს.
საბიუჯეტო დეფიციტისა და საგარეო ვალის მოცულობის მკვეთრი ზრდის გამო, მმართველ გუნდში სერიოზულ რისკებს ხედავენ. ფინანსთა მინისტრს დეპუტატებმა ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ ამ თემაზე დაუსვეს. მეტიც, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ თუ ორივე მაჩვენებელი მომავალ წელს არ შემცირდება, 2022 წელს საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებლები, შესაძლოა, გადაიხედოს.