საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს.

ილია მაისურაძის გუნდმა წლის მეოთხე შეკრება დაასრულა და ნაკრები 6 თებერვალს საფრანგეთში გაემგზავრება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები  2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.

ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას, შეკრებაზე მყოფი 40 მოთამაშიდან, მწვრთნელთა შტაბის 31 რჩეული მორაგბე მიიღებს.

ჩვენი ნაკრების მეტოქე საფრანგეთის 19 წლამდელთა გუნდები იქნებიან. საქართველოს 20 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც პლანეტის 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს, ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

ილია მაისურაძის გუნდის მეტოქეები ჯგუფში მასპინძელი საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის გუნდები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი წელს საფრანგეთში 30 მაისიდან 17 ივნისამდე ჩატარდება.