საქართველო უელსთან 43-14 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე სასტარტო მატჩი ჩაატარა და D ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან – უელსთან 43-14 დამარცხდა.

მატჩის პირველ ტაიმში უელსელებმა ოთხი ლელო, სამი გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს. მეორე ტაიმი ბორჯღალოსნებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწება ორჯერ მოახერხეს, ლელოს ავტორები საქართველოს ნაკრების პირველხაზელები – შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა გახდნენ. ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა თედო აბჟანდაძემ.  ამდენჯერვე ლელო ჩვენმა მეტოქემ დადო და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 43-14  ბრიტანელთა სასარგებლოდ დასრულდა.

მსოფლიოს თასზე შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ურუგვაის წინააღმდეგ 29 სექტემბერს, თბილისის დროით 9 საათსა და 15 წუთზე გამართავს.

რაგბიში 2019 წლის მსოფლიოს თასის ყველა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად გთავაზობთ.