მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.
საბოლოო მოსმენა ორ დღეში გაიმართება, რა დროსაც მხარეები სიტყვით და საკუთარი მტკიცებულებებით წარდგებიან. ეს არის სარჩელი სახელწოდებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც თბილისიდან 2008 წლის აგვისტოში გაიგზავნა.
საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის პრეცედენტულია, რადგან მოსამართლეები შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებს პირველად განიხილავენ.
საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს შორის არის გორის დაბომბვის კადრები, რუსული წარმოების „ისკანდერის” ნამსხვრევები, ქართველი სამხედროების მკვლელობის და წამების ამსახველი მასალები, მშვიდობიან მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.
23 მაისს დანიშნულ საბოლოო მოსმენას დაესწრება ის ჰოლანდიელი ჟურნალისტიც, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორის დაბომბვის დროს დაიჭრა, მისი ოპერატორი კი ადგილზევე დაიღუპა.
„მოამბე” უკვე სტრაბურგშია, სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა მოლოდინი აქვს ქართულ დელეგაციას.