მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში, საქართველო, მსოფლიოს 154 ქვეყანას შორის, 49-ე ადგილს იკავებს. შესაბამის კვლევას, ბაზირებული კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა წლის კვლევაში, საქართველო 52-ე პოზიციაზე იყო.
პირველ ადგილზე კვლავ ისრაელია. მას მოჰყვება სინგაპური და სომხეთი. რეიტინგში მე-6 ადგილს რუსეთი იკავებს. ანგარიშის ავტორები ვრცლად წერენ რუსეთზე, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანაზე. თუმცა, კვლევის თანახმად, 2016-2018 წლებში, რუსეთის სამხედრო ხარჯები 82-დან 64 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი რუსეთში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში ნატო-ს ქვეყნებმა, ძირითადად კი ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, გრძელვადიანი სამხედრო პროექტები დაიწყეს და სამხედრო ხარჯები გაზარდეს, რასაც კვლევის ავტორები რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირებენ.