საქართველო მედიაციის შესახებ გაეროს კონვენციას შეუერთდა

საქართველო შეუერთდა გაერო-ს კონვენციას მედიაციის შესახებ.  საქართველოს სახელით, სინგაპურის კონვენციას იუსტიციის მინისტრმა  მოაწერა ხელი.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კონვენციის ტექსტი 2018 წლის 20 დეკემბერს, გაერო-ს ასამბლეაზე დამტკიცდა და ხელმოსაწერად გაიხსნა.  მისი მიზანი, კომერციულ და ვაჭრობასთან დაკავშირებულ დავებზე, მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგებების აღსრულებისთვის ერთიანი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას. სინგაპურის კონვენცია მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად დაეყრდნონ და აღასრულონ მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების ხელშეკრულებები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას და  ახალისებს მედიაციის გამოყენებას სავაჭრო და ბიზნესდავების გადაწყვეტისთვის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიულ საშუალებას, არბიტრაჟთან ერთად.