საბერძნეთში ოპოზიციის წარმომადგენლის ფარული მიყურადების გამო, პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათენში მსვლელობა მოაწყვეს და „კონსერვატორების“ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. საქმე ეხება ბერძენი კანონმდებლისა და ევროპარლამენტარის, სოციალისტური პარტიის ლიდერის, ნიკოს ანდროულაკისის ფარული მიყურადების გარშემო აგორებულ სკანდალს. საბერძნეთის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს, რომ ოპოზიციონერის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ. თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდართან კავშირი კატეგორიულად უარყო. კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, „ბნელი ძალები“ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. სკანდალის აგორების შემდეგ, საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრის გენერალურმა მდივანმაც. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მოითხოვს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკანდალზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა მანაც დატოვოს.