საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში მათ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად და დაუსაბუთებლად შეფერხებაზე საუბრობს. ოპოზიცია საკითხზე სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს. რეზოლუციის პროექტზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. რომან გოცირიძის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 81 კანონპროექტიდან, 60 დღემდე არ განხილულა, საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა. გოცირიძის საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის რეგლამენტით ნათლად არის დარეგულირებული, თუ როგორ ხდება საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება, მაგრამ მეორე საკითხია პრაქტიკა და საკითხის პოლიტიკურ მდგენელი. მისი თქმით, ოპოზიციას საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილების საკითხი დგება ხოლმე, როდესაც უმრავლესობა თვლის, რომ პრიორიტეტულია მისი კანონპროექტები და არა ოპოზიციის კანონპროექტი.