საპენსიო სქემის მონაწილეებს პორტფელის არჩევა 2028 წლამდე შეეძლებათ
დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ პარლამენტი განიხილავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 6 სექტემბრამდე დადგენილი ვადა გაუქმდება. ანუ, თუ აქამდე საპენსიო სააგენტო მოუწოდებდა მოქალაქეებს მისულიყვნენ იუსტიციის სახლში ან სააგენტოს სერვის-ცენტრებში და სურვილის შემთხვევაში შეეცვალათ პორტფელები, ასე აღარ იქნება და ეს ვადა 2028 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახლა სქემის თითოეული მონაწილე, ანუ მილიონ 400 ათასი მოქალაქე ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში იქნება და სურვილის შემთხვევაში შეცვლის პორტფელს. ადამიანები სურვილისამებრ გადაწყვეტენ დარჩებიან დაბალრისკიანში, გადაინაცვლებენ საშუალო-რისკიანში თუ მაღალრისკიანში. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე განიხილა და მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს. დეპუტატის მტკიცებით, მოსახლეობა არ იყო მზად რისკების საკუთარ თავზე ასაღებად და შესაძლოა ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. თემაზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეს მონაწილეებს მისცემს მეტად გაცნობიერებული არჩევანის მიღების საშუალებას. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ კი, გაუქმდება როგორც აღნიშნული შეზღუდვა, ასევე გადავადდება პორტფელებში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესიც.