ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ვითარება გართულებულია. უსაფრთხოების სისტემებიდან ინფორმაციის მიღება შეწყვეტილია და ვითარებას სრულად რუსული ჯარები აკონტროლებენ. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები აქტიურ შეტევით მოქმედებებს ვერ ახორციელებენ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას ბომბავენ. მხოლოდ ხარკოვი ბოლო ერთ დღეში რაკეტებითა და არტილერიით 50-ჯერ დაიბომბა. აფეთქებების შედეგად სუმში 22 ადამიანი გარდაიცვალა. საომარი მოქმედებების პარალელურად, მიმდინარეობს ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიქმნა 6 ჰუმანიტარული დერეფანი. მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა კიევიდან, სუმიდან, ჩერნიგოვიდან, ხარკოვიდან და ალყაში მყოფ ქალაქ მარიუპოლიდანაც იგეგმება. უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დანაშაულთა გამოძიებაში ოთხი ევროპული ქვეყანა ერთვება. ესენია ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი და გერმანია. აქვე შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე დაიწყო უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად სამხედრო დანაშაულთა გამოძიება.