თავდასხმა ბელგოროდზე

ბელგოროდის დაბომბვის შემდეგ, ქალაქიდან 9 000 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა – თავდასხმაში ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. გუბერნატორის განცხადებით, ბოლო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო რეგიონის ნაწილი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მისივე თქმით, მიმდინარე კვირას 16 ადამიანი დაიღუპა და 98 დაიჭრა.

პარალელურად, რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე „ენგელსის“ ავიაბაზას უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ჩაატარა. უკრაინის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ თავდასხმა შედეგიანი იყო და დეტალები ზუსტდება.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალებში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. რუსული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოთხი უპილოტო აპარატი ჩამოაგდო, მსხვერპლი არ არის. „ენგელსის“ ავიაბაზაზე რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები არიან განთავსებული.