საომარი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანში 

საქართველოდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარე ტერიტორია საომარი მოქმედებების ეპიცენტრია.

ორთვიანი პაუზის შემდეგ მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაიხსნა, შეტაკებები ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.

სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. სადავო ტერიტორიაზე იბომბება დასახლებული პუნქტები, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. კონფლიქტის 32-წლიან ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შეწყვეტას ახლა საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს.

ვინ დაარღვია პირველმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – მხარეები საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში და მოქალაქეებზე თავდასხმაში ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დაპირისპირებულ მხარეებთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს, რომლებიც სომხეთს და აზერბაიჯანს დიალოგისკენ მოუწოდებენ. კონფლიქტის მონაწილეებთან მოლაპარაკებას გეგმავს გაერო-ს გენერალური მდივანიც. საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტაზე, მსოფლიო ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. დიალოგის აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობს ოფიციალური თბილისიც, უფრო მეტიც  საქართველო მზად არის კონფლიქტის მოგვარების პროცესში შუამავლის როლი იკისროს.