საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი ტყვე.
ცხინვალის არაღიარებული სასამართლოს დღევანდელ უკანონო გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო რეზონანსი. ოფიციალური თბილისი 33 წლის ზაზა გახელაძისთვის 12-წელნახევრიანი პატიმრობის შეფარდებაზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებად ყველა საერთაშორისო ფორმატის აქტიურად გამოყენებას აანონსებს. შვიდთვიანი ტყვეობის შემდეგ გამოტანილ ე.წ. განაჩენს მკაცრად გმობს ამერიკის საელჩო. ოჯახი საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს, ამ მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მათ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრს, რომელიც დაკავების დროს დაჭრეს, არარსებული საზღვრის გადაკვეთას და საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავებიან. გახელაძე უკვე მეხუთეა საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლის მიმართ დე-ფაქტო რეჟიმმა ე.წ. სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა.