სანქციები დასაქმებულთა უფლებების დარღვევისთვის

დარღვეული შრომითი უფლებები. ბოლო თვეებში მკვეთრად გაზრდილია იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებსაც ე.წ. კოლექტიური პასუხისმგებლობის მოტივით სხვადასხვა სანქციას უწესებდნენ და ზარალის ანაზღაურებას სთხოვდნენ. შრომითი უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციაში შესული განაცხადებიდან ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში დასაქმებულებს საკუთარი ხელფასიდან ზარალის ანაზღაურება მისი ბრალეულობის დამტკიცების გარეშე უწევთ. მსგავსი ფაქტები ძირითადად ქსელურ მარკეტებში ფიქსირდება, რის გამოც შრომის ინსპექციას მონიტორინგის ჩატარება დასჭირდა. სწორედ ეს ინსპექციაა ახლა პასუხისმგებელი, რომ შრომის უსაფრთხოების გარდა დასაქმებულთა შრომითი უფლებებიც დაიცვას. შემოწმების შედეგად დარღვევები ათეულობით ობიექტზე გამოვლინდა.