ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს. სწავლება მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის ძირითადი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეების სამთო-ტექნიკურ მომზადებას დაეთმო. სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კლდეზე ცოცვის, სამთო აღჭურვილობის მოხმარების, ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების, ასევე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და ევაკუაციის ორგანიზებისთვის საჭირო ხერხები და ტექნიკა შეისწავლეს. ღონისძიების დასასრულს მსმენელებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.