სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში

ზუსტად ხუთ დღეში ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს. ორშაბათიდან პარლამენტში საკომიტეტო განხილვები დაიწყება, ხუთშაბათს კი საკანონმდებლო ორგანო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს. ამისთვის 76 ხმაა საჭირო, რასაც ირაკლი კობახიძე საკუთარი გუნდისგან მიიღებს. ცნობილია, რომ ოპოზიცია ირაკლი კობახიძის მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა, განხილვებში ჩაერთვება. იქნება მწვავე შეკითხვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და ოკუპაციაზე.

ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამა სწორედ ევროკავშირთან დაახლოებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული.