გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ დილიდან სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ მფრინავები, მაშველები და ექიმები. მოქალაქეებს მათი ხსოვნის პატივსაცემად ტაძარში მისვლა 11 საათიდან შეეძლება. 14:00 საათზე კი მათ სამხედრო პატივით სხვადასხვა სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, 29 ივლისს მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადაგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები – კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი; მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე და ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.