სამმხრივი მინისტერიალი თურქეთში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში მიმდინარე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს სამმხრივ ფორმატში შეხვდა. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. სამმხრივ მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უწყება აგრძელებს თავდაცვის სისტემის რეფორმირებასა და განვითარებას, მუშაობს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, აუმჯობესებს ინსტიტუციურ გარემოს და სხვა ძირითად მიმართულებებს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს.