თავდაცვის მინისტრის მოსმენა

პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს უსმენს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან უწყების მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტიანობაზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა და გრძელდება ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების მიზანია ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო გახდეს. ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, ვეტერანების წვლილს, ჯარის პოპულარიზაციას და თავდაცვის უწყების ინსტიტუციურ განვითარებას. მისი თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული თავდაცვის კოდექსით უწყებაში აღმოიფხვრა ბევრი ხარვეზი.

მინისტრის მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების კითხვები ძირითადად ვეტერანებისთვის დახმარების ზრდას, ჯარისკაცებისთვის ხელფასების მატებას, თავდაცვის კოდექსს, თავდაცვის უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის პროფესიული ჯარიდან ჯარისკაცების გადინების საკითხს, ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნას და ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის შესაძლო მშენებლობას ეხებოდა. კითხვა-პასუხის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართა, მინისტრის საათი კი უწყების ხელმძღვანელის შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა.