სამხედრო მრეწველობა და რეგიონული კონკურენცია
სამხედრო მრეწველობა და რეგიონული კონკურენცია

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს თავიდან მოუწიათ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების შექმნა თუ ძველის ადაპტირება თანამედროვე სტანდარტებთან. პროცესი მტკივნეული აღმოჩნდა და დღესაც გრძელდება. ყველაზე მეტად ამ პროცესს ისიც აფერხებდა, რომ იმპერია თავშივე იგებოდა იმ პრინციპით, რომ მასში შემავალი სახელმწიფოების  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ ეარსებათ და ეს ყველა სფეროზე თანაბრად ვრცელდებოდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს პროცესი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიაში შემავალი სახელმწიფოებისთვისაც, რომელთაც შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე მოუწიათ ინსტიტუტების მშენებლობა და ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, სწორედ თავდაცვისუნარიანობის ჯერ შენარჩუნება, ხოლო შემდეგ – მისი ამაღლება იყო, თავდაცვისუნარიანობის განუყოფელ ნაწილს კი სამხედრო მრეწველობა წარმოადგენს. ამ მხრივ, საქართველომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა, თუმცა რეგიონში კონკურენცია საკმაოდ მზარდია.

ხშირად, როდესაც ქვეყნების თავდაცვით შესაძლებლობებს განიხილავენ, ყურადღებას აქცევენ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, რეზერვისტებისა და მომზადებული რეზერვის რაოდენობა, ჯავშანსატანკო პარკი, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარების შესაძლებლობები და ნაირგვარობა, საავიაციო პარკისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლებლობა და ა.შ.  შედარებით ნაკლებს ლაპარაკობენ ე.წ. სტრატეგიულ მარაგებზე, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი საწვავის მარაგებია და ეს ბუნებრივიცაა: ნებისმიერი სახელმწიფო უფრთხილდება ამგვარი ინფორმაციის გაცემას, ვინაიდან ეს მკაფიო სურათს გვაძლევს რა სახის და რა ხანგრძლივობის წინააღმდეგობა არის მოსალოდნელი, რაც უადვილებს პოტენციურ აგრესორს მისთვის მომგებიანი კამპანიის წარმართვას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი პარამეტრი, რომელზეც მსჯელობა პრაქტიკულად არ გვხვდება და რომელიც, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ასახვას პოულობს ქვეყნის წინააღმდეგობის ხარისხზე და შესაძლებლობებზე. ესაა ის, თუ რა შეუძლია ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და გააჩნია თუ არა ქვეყანას სხვადასხვა შეიარაღებისა და აღჭურვილობის წარმოების ან რემონტის საშუალებები?

ხშირად, როდესაც გარედან მოწოდება წყდება, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არა იმდენად ადამიანთა სიმამაცით, არამედ არსებული მარაგების რაოდენობით და ბრძოლის წარმოებისთვის საჭირო შეიარაღებისა და  მასალის წარმოების უნარით ხდება განპირობებული. რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენს უშუალო სამეზობლოში? რა შეუძლია, მაგალითად, სომხეთს, თუ კი მისი აზერბაიჯანთან, ასე ვთქვათ, გაყინული კონფლიქტი ერთბაშად ცხელ ფაზაში გადავა, რაც არაერთხელ მომხდარა ბოლო ათწლეულის განმავლობაში?

Global Firepower-ის 2019 წლის მონაცემებით, სომხეთის არმია  მსოფლიო რეიტინგში  137 ქვეყანას შორის 96-ე ადგილზეა:

ა) აქტიური სამხედრო მოსამსახურე –  45 000

ბ)რეზერვში მყოფი სამხედრო ვალდებულების მქონე პირი – 200 000

გ) საჰაერო ძალების საფრენი საშუალებების მთლიანი მოცულობა- 63 (რეიტინგში 81-ე 137-დან)

დ) საბრძოლო ტანკები – 110 (რეიტინგში 74-ე 137-დან)

ე) ქვეითთა საბრძოლო მანქანები – 500 (რეიტინგში 79-ე 137-დან)

რაც შეეხება სომხეთში წარმოებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციას (და რეიტინგში ეს ასახული არ არის), მისი ძირითადი  სახეობებია:

  1. ოპტიკური, სითბური და ლაზერული სისტემები;
  2. რადიოლოკაციური სისტემები;
  3. უპილოტო ტექნიკა და ავტომატიზირებული სისტემები;
  4. რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები და კავშირგაბმულობის საშუალებები;
  5. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები;

თუმცა ამაზე საინტერესოა  იმ საწარმოებისა და დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც სომხეთში სამხედრო პროდუქციის წარმოებითაა დაკავებული:

  •  თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოები:

დახურული სააქციო საზოგადოებები:

  1. „ 65-ე სამხედრო ქარხანა“
  2.  „პატნეში“
  3.  „ერევნის მათემატიკური მანქანების ქარხანა“
  4.  „ლაზერული ტექნიკა“
  5. „პირკალი“
  6. „რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო“

ღია სააქციო საზოგადოებები:

  1. „ჩარენცავანის ჩარხსაშენებელი ქარხანა“
  2. „გარნი-ლერ“
  3. ჰანფერიანცის სახ. სამხედრო-საავიაციო ინსტიტუტი
  •  გენერალური შტაბისა და შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოები:
  1. ავაისარემონტო სამხედრო ნაწილი
  2. საარტილერიო ჭურვების სარემონტო საამქრო
  3. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და სარემონტო საამქრო
  4. საარტილერიო დანადგარებისა და ლულების სარემონტო საამქრო
  5. სამხედრო ტექნიკის სარემონტო და მომსახურების შემკრები პუნქტი
  6. შძ გენშტაბის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის განყოფილება
  7. საინჟინრო საბრძოლო მასალების გამოცდისა და სარემონტო ლაბორატორია
  •   სახელმწიფო ორგანიზაციები:
  1. ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის რადოფიზიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტი
  2. ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკურ კვლევათა ინსტიტუტი
  3. ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი
  4.  მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი
  5. სამეცნიერო-საწარმოო ინსტიტუტი „კომეტა“
  6.  „ავტომატიკა“

ასევე საყურადღებოა სომხეთში ისეთი სამეცნიერო დაწესებულებების არსებობა, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო კვლევებში. ესენია:

  1. მათემატიკის ინსტიტუტი
  2. მექანიკის ინსტიტუტი
  3. ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი
  4. ფიზიკის გამოყენებითი პრობლემების ინსტიტუტი
  5. ბიოქიმიის ინსტიტუტი
  6. ორგანული და ფარმაცევტული ქიმიის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი
  7. ორგანული ქიმიის ინსტიტუტი
  8. ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტი
  9. „ელექტრონული მასალების ინსტიტუტი“

მხედველობაში მისაღებია აგრეთვე  ის 44 საწარმო, რომელიც სამხედრო პროდუქციის წარმოებაშია ჩართული და კერძო სექტორის მფლობელობაშია.

სომხეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციას  დღეისათვის საექსპორტო პოტენციალი თითქმის არ გააჩნია, მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, დროის საკითხია. ცნობილია, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა  ერთობლივი პროექტების განხორციელების დაინტერესება უკვე გამოხატა. ეს კი, თავის მხრივ, , განაცხადია. ნიშანდობლივია, რომ სომხეთის მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა ამა წლის თებერვალში  აბუ-დაბიში საერთაშორისო გამოფენაზე IDEX-2019 იყო წარმოდგენილი.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.